English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ თეა ლაზარაშვილი
სიღარიბესთან ბრძოლა: მსოფლიო გამოცდილება და საქართველო

თანამედროვე მსოფლიოს უმეტესი ქვეყნისთვის სიღარიბესთან ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად იქცა. ბოლო წლებში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეიმჩნევა ფინანსური რყევები, რაც უარყოფითად აისახება მათ მდგრად განვითარებასა და შებამისად, ცხოვრების დონეზე. მსოფლიო ბანკმა 2030 წლისთვის მთელ მსოფლიოში სიღარიბის დაძლევა დაისახა მიზნად. პანდემიის შედეგების გამო სიღარიბესთან ბრძოლა კიდევ უფრო მწვავე პრობლემა ხდება მთელი მსოფლიოსათვის. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. სიღარიბის პრობლემა აქაც ერთ-ერთ პირველ ადგილზეა და მის დასაძლევად სახელმწიფოს დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევს.
სიღარიბის პრობლემის უკეთ გასაანალიზებლად მნიშველოვანია განვიხილოთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება. უნდა აღინიშნოს, რომ სიღარიბის ცნებაც, განსაკუთრებით განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისთვის, ისევე როგორც მასთან ბრძოლის მეთოდები განსხვავებულია იქიდან გამომდინარე, თუ როგორია ქვეყნის განვითარების დონე, ტრადიციები, მენტალიტეტი, ეკონომიკური ზრდა და ა.შ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მაგალითები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, აშშ, ბელგია, სამხრეთი კორეა, ესპანეთი, გერმანია და ა.შ.
საკვანძო სიტყვები: სიღარიბე, პანდემია, ეკონომიკური განვითარება.

შესავალი

მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები, თავისი ეკონომიკური განვითარების დონის მიუხედავად, პრიორიტეტად გამოყოფენ ეკონომიკის მდგრადი განვითარების მიღწევას, რამდენადაც ეროვნული მეურნეობების პოზიტიური დინამიკის პირობებში იზრდება მოსახლეობის შემოსავლები, ხდება საშუალო კლასის ფორმირება.
თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა ხასიათდება სავალუტო-საფინანსო ასევე ნედლეულის კრიზისების სიხშირით, ეკონომიკური სანქციების და საპასუხო კონტრზომების შემოღებით, რაც იწვევს სამეურნეო კავშირების შემცირებას სუბიექტებს შორის. შესაბამისადმ შეიმჩნევა ეროვნული ეკონომიკების უმეტესობის მშპ-ის ზრდის ტემპის შემცირება, მოსახლეობის სოციალური შემოსავლების დაცემა, სოციალური დიფერენცირების გაღრმავება, სიღარიბის გაზრდა და ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავება მოსახლეობის ცხოვრების დონეში განსაკუთრებით შესამჩნევია განვითარებად ქვეყნებსა და რიგ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანას შორის. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, მართალია, არ არის ისეთი სოციალური კონტრასტები, როგორც განვითარებადშია, მაგრამ საკმაოდ დიდია დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის წილი.
მსოფლიოში უკიდურესი სიღარიბის პირობებში მცხოვრები 1,2 მლრდ-ზე მეტი ადამიანის არსებობა საკმაოდ რთულად გადასაწყვეტი ჰუმანიტარულ-ეკონომიკური პრობლემაა, რაც ეთნიკურ და რასობრივ დაპირისპირებას წარმოშობს.
„სიღარიბის“ ცნების განსაზღვრისადმი სხვადასხვა მიდგომის არსებობისას, შეიძლება დავასკვნათ, რომ ის ახასიათებს იმ ინდივიდების (ოჯახების) ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი რესურსები სრულფასოვანი არსებობისათვის. ზოგადად ღარიბთა რიცხვს მიაკუთვნებენ არამარტო საოჯხო მეურნეობებს, ადამიანთა ჯგუფებს, არამედ - სახელმწიფოსა და რეგიონს მთლიანობაში. გაეროს განვითარების მონაცემებით, აბსოლუტური, მრავალგანოზომილებიანი სიღარიბის ყველაზე ფართო მასშტაბი სამხრეთ აზიისა და აფრიკის განვითარებად ქვეყნებში ფიქსირდება. ამ ქვეყნებში მოსახლეობის ერთ სულზე, უმეტესი ნაწილის შემოსავალი არის დღეში 1,25 დოლარი, რაც უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელია. განვითარებადი ქვეყნების ყველაზე მწვავე პრობლემას არასრულყოფილი კვება წარმოადგენს. მსოფლიოში 800 მლნ მშიერი ადამიანიდან დაახლოებით 240 მლნ აფრიკაში ცხოვრობს.

სიღარიბესთან ბრძოლის მიდგომები

მესამე მსოფლიოს ქვეყნებში სიღარიბის გაზრდის ტენდენციის შესამცირებლად 2000 წელს მიღებულ იქნა გაეროს ათწლეულის დეკლარაცია. ამ დოკუმენტის თანახმად, 2015 წლისთვის 2-ჯერ უნდა შემცირებულიყო პლანეტის იმ მოსახლეობის წილი, რომელთა შემოსავლები არ აღემატებოდა 1,25 დოლარს დღეში, ხოლო 2020 წლისთვის, სიღარიბეში მცხოვრები 100 მლნ ადამიანის ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი ზრდა უნდა მომხდარიყო, რაც ვერ შესრულდა. ამასთან ერთად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნები ყოველწლიურად გამოყოფენ მათთვის 15 მლრდ დოლარს საბაზო სოციალური მომსახურების გასაწევად. 2013 წელს წელს მსოფლიო ბანკის მიერ რეკორდული თანხა - 53 მლრდ დოლარი იქნა გამოყოფილი, უპირატესად იმ ინვესტიციური პროექტების მხარდასაჭერად, რაც განხორციელდებოდა საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში. გარდა იმისა, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების დახმარება განვითარებადი ქვეყნების მიმართ გაიზარდა, ამ ქვეყნებმა გახსნეს თავიანთი ბაზრები იმპორტული საქონლისათვის, უღარიბესი ქვეყნებიდან, რათა ხელი შეეწყოთ ამ ქვეყნებში წარმოების სხვადასხვა სექტორის განვითარებისათვის. სიღარიბესთან ბრძოლის აღნიშნული კომპლექსური ზომები ასევე მოიცავს ვალების რესტრუქტურიზაციასა და ჩამოწერას, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის ხაზით, ასევე ცალკეული ქვეყნების მიერ - ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია (Ряполов К.).
მსოფლიო თანასაზოგადოების მიერ სიღარიბის შემცირების ძალისხმევის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, სამთავრობო წრეების ინერტულობა, ჩაეშენებინათ მიზნობრივი სოციალური დახმარების განაწილების გამართული სისტემა უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებისათვის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ეფექტური ინსტიტუტების ფორმირებაში. იმ დროს, როდესაც დასავლეთს აწუხებდა ათეული მლრდ დოლარის ფინანსური დახმარების პრობლემა, ინდოეთის და ჩინეთის მცხოვრებლებმა გაზარდეს თავიანთი შემოსავლები 715 მლრდ დოლარით, საკუთარი ძალებით ბაზრის პირობებში.
სხვადასხვა ქვეყნებში სიღარიბესთან ბრძოლის განსხვავებული მიდგომები არსებობს.

ჩინეთი

მსოფლიოში სიღარიბესთან ბრძოლის ყველაზე მასშტბურ პროგრამას ჩინეთი ახორციელებს. ჩინეთის ხელისუფლების სოციალური პროგრამა მიმართულია უახლოეს მომავალში მიაღწიონ საზოგადოების სამართლიან განვითრებასა და საშუალო კეთილდღეობის დონეს. ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ჩამოაყალიბა სოციალური დაცვის სისტემა, რაც მოიცავს ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე დაუცველ კატეგორიებს - ბავშვებს სოფლის ღარიბი ოჯახებიდან (მიზნობრივი პროგრამა „იმედი“), მარტოხელა დედებს (პროგრამა „ბედნიერება“), მარტოხელა ხანშიშესულ მოქალაქეებს („უზრუნველყოფის 5 სახეობა“). სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით, 2013 წლის მონაცემებით, ორჯერ გაიზარდა წლიური ოფიციალური საარსებო მინიმუმი. სახელმწიფო აქტიურ ზომებს იღებს მწარმოებლური ძალების განსავითარებლად საბაზრო ურთიერთობის პირობებში: ქვეყნის დასავლეთ და ცენტრალურ პროვინციებში პრაქტიკულად თავიდან ქმნის საწარმოო და სოციალურ ინფრასტრუქტურას, ხსნის აღმოსავლეთით რიგ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს -ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვის ცენტრებს, ხელს უწყობს ბიზნესის წამოწყებას. ძირითადად ჩინეთის მთავრობის სოციალური პოლიტიკა მიმართულია უახლოეს პერსპექტივაში საშუალო კლასის მოსახლეობის დონის მიღწევისაკენ (Александров Е.Л., Александрова О.Е. 2015).
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოში მოქმედებს სიღარიბესთან ბრძოლის კომიტეტი, რომელიც კოორდინირებას უწევს ეროვნული პროგრამების შესრულებას. ქვეყანაში შექმნილია სიღარიბესთან ბრძოლის ინსტიტუტების მთელი სისტემა, რომელიც მოიცავს დაზღვევის, ინვესტიციების, სოციალური დახმარების, მონაცემთა შეგროვების, ანალიტიკისა და ანგარიშგების სფეროებს.
2004 წლიდან ჩინეთში მოქმედებს ჯანდაცვის საერთო სახელმწიფოებრივი სისტემა, ხოლო სახელმწიფო სადაზღვევო სისტემა მოიცავს მოსახლეობის 95%-ზე მეტს. პროგრამა განსაკუთრებულ მნიშვნელობას უთმობს სიღატაკის შემცირებას ქვეყნის ყველაზე ღარიბ რაიონებში.
სიღარიბესთან ბრძოლა ჩინეთში ეყრდნობა ინვესტიციებს და მიზანმიმართულ დახმარებას ეკონომიკის ცალკეული დარგების განვითარებაში, ასვე დასაქმების სტიმულირებაში. უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს ჩინეთის სოფლის მეურნეობის განვითარების ბანკმა გამოყო 5 წლიანი გეგმით დაახლოებით 460 მლრდ დოლარი სოფლის რაიონებში სიღარიბის შემცირებაზე. გარდა ამისა, ჩინეთის სახელმწიფო კორპორაციებმა შექმნეს 1,82 მლრდ დოლარის ოდენობის ინვესტიციური ფონდი ადგილობრივი წარმოების, სოფლის მეურნეობის და მომპოვებელი მრეწველობის მხარდასაჭერად.
ჩინეთში გამოიყენება სოფლის მეურნეობის განვითარებისაზე მიმართული ზომების ფართო სპექტრი. მათ შორის რეფორმები მიწის რეფორმება, ირიგაციული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სხვ. (მწარმოებლურობის ზრდისა და რაც შეიძლება მეტი პროდუქციის საწარმოებლად), დიდი ყურადღება ეთმობა მოსახლეობისათვის ხარისხიანი სასმელი წყლისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ფართოდ გამოიყენება სოფლად კადრების მოზიდვის სტიმულირება.

ინდოეთი

საერთაშორისო ნორმებით თუ ვიხელმძღვანელებთ, ინდოეთში, მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მდგომარეობაა უამრავი ეკონომიკური რეფორმებისა და სახელმწიფო პროგრამებისა, რაც შემდგომში მიმართული იყო სიღარიბის მასშტაბების შემცირებაზე. ინდოეთში თუ მოქალაქე იღებს თვეში სოფლად 14 დოლარზე მეტს და ქალაქად 17 დოლარზე მეტს, ღარიბად აღარ ითვლება. თუმცა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნორმებით იგი არამარტო ღარიბია, არამედ იმყოფება უკიდურეს სიღატაკეში. მათ, ვისაც ღარიბის სტატუსი გაააჩნიათ, სახელმწიფოსგან ეკუთვნის დახმარება სუბსიდირებული პროდუქტებისა და საწვავის სახით.
ინდოეთში დადებითი ცვლილებები სიღარიბის შესამცირებლად არცთუ ისე დიდი ხანია, რაც შეიმჩნევა, როდესაც ეკონომიკის ზრდის საშუალოწლიურმა მაჩვენებელმა 6% შეადგინა. არცთუ მცირე ზომით, ამ ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი განპირობებულია სახელმწიფოსა და ბიზნეს-საზოგადოებას შორის მჭიდრო თანამშრომლობით, რაც გამოვლინდა განსაკუთრებული საექსპორტო ზონების შექმნით ზოგიერთ შტატში. ახლადშექმნილი საწარმოების ზონებში შეიქმნა ასი ათასობით სამუშაო ადგილი, მათგან ექსპორტმა 63 მლრდ დოლარი შეადგინა (2015წ.). მსხვილი საზღვარგარეთული და შიდა ინვესტიციები მიდის ავტომშენებლობაზე, მეტალურგიაზე, ნავთობგადამუშავებასა და ფარმაციაზე. ინდოეთის სამეურნეო განვითარების დაჩქარებამ გამოიწვია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა, რის საფუძველზეც მოხდა მსხვილმასშტაბიანი სოციალური პროექტების ამოქმედება, როგორიცაა – გარანტირებული დასაქმების პროგრამა სოფლად საოჯახო მეურნეობებისათვის, ბავშვებისათვის აუცილებელი უფასო განათლების მიღება, კანონი ეროვნული საწარმოო უსაფრთხოების შესახებ. სამედიცინო, საგანამანათლებლო დახმარების მიზანმიმართული სისტემის შექმნა გახდა დახმარების ძირითადი ფორმა ინდოელებისათვის, რომელთა მნიშვნელოვანი წილი თვეში 60 დოლარზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრობს (Александров Е.Л., Александрова О.Е. 2015).

ამერიკა

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ სიღარიბე - ადამიანის პირადი არჩევანია, ამიტომ სახელმწიფომ არ უნდა უზრუნველყოს ღარიბები საკმაოდ კომფორტული არსებობით, ანუ ყველა ღებულობს ერთი და იმავე მოცულობის სოციალურ დახმარებას. სამაგიეროდ, ასეთი დახმარება, იქნება ეს ფინანსები თუ კვებაზე ტალონები, მოიცავს ყველა გაჭირვებულს (ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 15%). აშშ-ის სოციალური დაცვის სისტემა ლიბერალურ მოდელადაა მიჩნეული. სოციალური დაცვის ლიბერალური მოდელის ქვეყნებს აგრეთვე, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიას მიაკუთვნებენ.
სიღარიბესთან ბრძოლის კონტინენტური მოდელი გამოირჩევა სავალდებულო დაზღვევის განვითარებული სისტემით. ამ მოდელის თანახმად, რაც უფრო დიდხანს და ნაყოფიერად მუშაობს ადამიანი, მით უფრო მაღალია მისი სოციალური დაცვის დონე (მეტია შეღავათები და სხვადასხვა სახეობის დახმარება). ამ მოდელს იყენებენ გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი და ზოგიერთი სხვა ევროპული ქვეყანა.
სამხრეთ ევროპის ქვეყნებში დახმარებას უფრო მეტად ნათესავებისგან ელიან, ვიდრე სახელმწიფოსგან. ყველანაირი შეღავათები და სუბსიდიები ბიუჯეტიდან აქ საკმაოდ მოკრძალებულია (Абатуров В.).
ღარიბებისათვის ყველაზე საუკეთესო ვარიანტს სკანდინავიური მოდელი წარმოადგენს. ამ ქვეყნებში სოციალური დაცვის მაღალი დონე ყველასთვის გარანტირებულია, მათთვისაც კი, ვისაც არასდროს უმუშავია და არც სოციალური შენატანები გადაუხდია.
ევროპის ქვეყნებიდან, სოცსტანდარტების საკმაოდ მაღალი დონით, ყველაზე გამორჩეული ბელგიაა, რომლის მოსახლეობა მსოფლიოში ყველაზე მდიდარ სამეულში შედის. ბელგიაში სიღარიბესთან ბრძოლისას ძირითად აქცენტს აკეთებენ განათლებაზე. აქ ყველას შეუძლია გაიაროს გადამზადების კურსები, შეისწავლოს სასურველი ენა და მოძებნოს სამუშაო სოციალური სამსახურების მეშვეობით. აგრეთვე, არსებობს დასაქმების სააგენტოები - „დროებითი სამუშაო“, რომლებიც უზრუნველყოფენ დროებით დასაქმებას. ხშირ შემთხვევაში ეს არაკვალიფიციური სამუშაოა, მაგრამ საკმაოდ კარგი ანაზღაურებით.
გერმანიაში სოციალური დახმარების სახით სახელმწიფო გასცემს საარსებო მინიმუმს, რომელიც ყველასთვის ინდივიდუალურად გამოითვლება და საშუალოდ 700 ევროს შეადგენს თვეში. ეს სოციალური მინიმუმი ეხება ყველას, ვინც მუდმივად ან ლეგალურად ცხოვრობს გერმანიაში. თუმცა, მათ უნდა დაამტკიცონ რომ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეშოვათ სამუშაო. თუკი გერმანიაში მცხოვრებმა აიღო კრედიტი და დაკარგა ყველაფერი (სამუშაო, საცხოვრებველი და ა.შ), მაშინ ის თავს გაკოტრებულად აცხადებს და შეუძლია მიიღოს სოციალური დახმარება, რათა გადაიხადოს საცხოვრებლისა და კვებისათვის მინიმალური საფასური, თუმცა, უნდა მუშაობდეს, თუ ამის შესაძლებლობას ჯანმრთელობა აძლევს და გადაიხადოს ვალი. 7 წლის შემდგომ მას ყველა ვალი შეიძლება ჩამოეწეროს და განაგრძოს ცხოვრება ჩვეული რეჟიმით.
სოციალური დაცვა ესპანეთში, გერმანიასთან შედარებით, ნაკლებადაა განვითარებული, რაც მათი ტრადიციებიდან გამომდინარეობს. აქ მოსახლეობას ახლობლების დახმარების იმედი უფრო აქვთ, ვიდრე სახელმწიფოსი. თუმცა, ესპანეთში არსებობს დახმარების პროგრამები უმუშევრობაზე, დროებით შრომისუუნარობაზე და ა.შ. ვინც დიდი ხნით არის უმუშევარი, მათ მთავრობა 400 ევროზე მეტს უხდის, ფასდაკლებებით სარგებლობენ ტრანსპორტში და საქონლის შეძენისას კონკრეტულ მაღაზიებში, უფასოდ შეუძლიათ დაეუფლონ ახალ სპეციალობებს და ა.შ. (Poverty Reduction Strategies in Developing Countries).
ესპანეთში არსებობს „ქრონიკული უმუშევრების“ დასაქმების წახალისების რამდენიმე ვარიანტი. თუკი დამსაქმებელი სამუშაოდ აიყვანს იმას, ვინც 2 წელი არ მუშაობდა, მაშინ ის სახელმწიოფსაგან პრემიას ღებულობს, ხოლო ღარიბთათვის საცხოვრებლის მიქირავების წასახალისებლად, მეპატრონეები თავისუფლდებიან გაქირავებაზე გადასახადებისაგან.
სამხრეთ კორეაში ღარიბებად ითვლებიან ადამიანები, რომლებიც წელიწადში დაახლოებით 9200 დოლარზე ნაკლებს ღებულობენ. კორეაში პენსიას საპენსიო ასაკის მხოლოდ მესამედი ღებულობს, იმდენად რთულია ყველა დოკუმენტის შეგროვება და საპენსიო თანხაც საკმაოდ მცირეა, დაახლოებით 180 დოლარი. საპენსიო ასაკის ადამიანები უმეტესწილად შვილების, კერძო საპენსიო ფონდების ან იმ კომპანიების იმედად არიან, სადაც მუშაობდნენ.
სამხრეთ კორეაში, პენსიის გარდა, არსებობს სპეციალური დახმარებები ღარიბების, თუმცა, ეს დახმარებები მხოლოდ მარტოხელა მოხუცთათვის არის განკუთვნილი. აქ ღარიბებისთვის მრავალრიცხოვანი საეკლესიო ორგანიზაციები უფასო სადილით უმასპინძლდებიან, აგრეთვე არსებობს ისეთი მაღაზიები, რომლებიც მეორადი საქონლით ვაჭრობენ და ამონაგებს გაჭირვებულთა დასახმარებლად იყენებენ. მსხვილი კორპორაციებიც ხანდახან გამოყოფენ სახსრებს ღარიბთა დასახმარებლად.
ევროკავშირის სტატისტიკით, ღარიბების ჯგუფს, შემოსავლებისა და მატერიალურ-საყოფაცხოვრებო პირობების მიხედვით, მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთა შემოსავლები საშუალო ხელფასის 60%-ზე ნაკლებს შეადგენს. ამ ჯგუფში შედიან მარტოხელა დედები, განათლების არმქონე ადამიანები, პენსიონერები, მიგრანტები, უმუშევრები. განიხილავენ რა სიღარიბეს, როგორც წინააღმდეგობას ეკონომიკური ზრდისა და სოციალური პროგრესისათვის, 2010 წლიდან. ევროკავშირი ძალისხმევას არ იშურებს, რათა შეამციროს დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანთა რიცხვი 20 მლნ-ით. ამ ამოცანის რეალიზაციისათვის ხორციელდება მოსახლეობის სოციალური დაცვის ნაციონალური პროგრამები. სოციალური დაცვის პროგრამები ფინანსდება უპირატესად საბიუჯეტო სახსრებით და, აგრეთვე, დამსაქმებლებისა და დაქირავებული მუშაკების შენატანებით ხორციელდება. სკანდინავიურ ქვეყნებში ჩამოყალიბებულია სოციალური დაცვის შედარებით ინკლუზიური მოდელი. სკანდინავიური ქვეყნების სოციალური დაცვის პროგრამები უზრუნველყოფს სტანდარტულ ფულად და ნატურალური შემწეობებს და მომსახურებას მოსახლეობის ყველა ფენისათვის, მათი შემოსავლებისა და შრომითი საქმიანობის მიუხედავად.
თუ გავაანალიზებთ სიღარიბის მდგომარეობას საქართველოში, არც თუ სახარბიელო სურათი გვაქვს: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 2013-2021 წლებში 26.2%-იდან - 17.5%-მდე შემცირდა (www.geostat.ge). უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი სოფლად (21,3%)

(იხ. ცხრილი ).

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ, დაახლოებით 800 ათასი კაცი ცხოვრობს, ისინი დღეში 5-6 ლარს ან მასზე ნაკლებს ხარჯავენ. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სიღარიბე ბავშვებში (26,4%), რაც იმას ნიშანავს, რომ საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და ისინი ყველაზე დაუცველ ჯგუფად რჩებიან. სოციალურ შემწეობას იღებს 541764 კაცი და 151117 ოჯახი. თუ ამ მონაცემებს დავაკვირდებით ვნახავთ, რომ სახელმწიფო ვერ ეხმარება ყველა ღატაკს. მართალია, 2021 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მაგრამ ეს მაჩვენებლები ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია (სიღარიბის მაჩვენებლები და ჯინის კოეფიციენტი 2021).
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის მონაცემებით, რეკორდულადაა გაზრდილი სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვი. თუ 2015 წელს საარსებო შემწეობას იღებდა 389650, 2021 წელს ეს რიცხვი გაიზარდა 633586 ადამიანამდე.
საქართველოში საარსებო მინიმუმი ძალიან მაღალ ნიშნულზეა. შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2021 წელს 224.2 ლარი იყო, მანამდე კი ეს 

თანხა შეადგენდა 195.6 ლარს, რაც ცხოვრების გაძვირებასა და ინფლაციის მაღალ დონეზე მეტყველებს (www.geostat.ge).
საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ინფლაციის მაღალი დონით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა და მას ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორიცაა ვენესუელა, სუდანი, სურინამი, იემენი და ზიმბაბვე.
უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ლიდერია, რეგიონში კი მას მხოლოდ თურქეთი და ყირგიზეთი უსწრებენ, სადაც ინფლაცია თითქმის 20%-ს აღწევს.
ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფომ სიღარიბესთან ბრძოლის სხვა მეთოდებსაც უნდა მიმართოს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოქმედებს სხვადასხვა სოციალური პროგრამა, აშკარაა, რომ სიტუაცია საკმაოდ რთულია. ის შემწეობები, რასაც ქვეყანა გამოყოფს, საკმაოდ მოკრძალებულია და ვერ უზრუნველყოფს ღარიბებს საარსებო მინიმუმითაც კი.
ანალიზიდან გამომდინარე, სიღარიბე საქართველოში ერთ-ერთი მწვავე პრობლემათაგანია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის მრავალი სამთავრობო დოკუმენტი იქნა შემუშავებული და თანხებიც საკმაოდ ბევრია დახარჯული, სიღარიბის საერთო სურათი დონის, სიღრმისა და სიმწვავის მიხედვით, თითქმის უცვლელია.
უნდა აღინიშნოს, რომ რა ზომითაც არ უნდა გაზარდოს სახელმწიფომ შემწეობები და სოციალური დახმარებები, სიღარიბის პრობლემა ამით ვერ აღმოიფხვრება. მით უმეტეს, რომ საქართველოს არ აქვს იმდენი ფინანსური რესურსი, რომ ყველა ღატაკს დაეხმაროს. ქვეყნის სიღარიბესთან ბრძოლის ეფექტიანი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს არა უბრალოდ შემწეობების და სოციალური დახმარების გაზრდაზე, არამედ სიღარიბის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისაკენ. ამისათვის მნიშვნელოვანია, ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ. რაც მეცნიერულად დასაბუთებულ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.

× შენიშვნა: 2004-2016 წლები გადაანგარიშებულია მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მიხედვით; 2017 წლიდან შერჩევის ჩარჩოს წარმოადგენს მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემთა ბაზა.

ლიტერატურა:


• Poverty Reduction Strategies in Developing Countries. DOI: 10.5772/intechopen.101472, 2022, https://www.intechopen.com/chapters/79838
• Абатуров В. (2020). Глобальная борьба с бедностью: опыт зарубежных стран. https://www.cer.uz/ru/post/publication/globalnaa-borba-s-bednostu-opyt-zarubeznyh-stran
• Александров Е.Л., Александрова О.Е. (2015). Меры борьбы с бедностью: зарубежный и отечественный опыт. // Фундаментальные исследования. – № 9-1. – С. 101-105; URL: https://fundamental-research.ru/ru/article/view?id=38973
• Ряполов К. (205). Война с бедностью: как в мире борются с нищетой. https://economics.segodnya.ua/economics/enews/voyna-s-bednostyu-kak-v-mire-boryutsya-s-nishchetoy-587060.html
• სიღარიბის მაჩვენებლები და ჯინის კოეფიციენტი. 2021, www. Geostat.ge
www.unicef.org/georgia/ka
http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=35

Keywords: Poverty, pandemic, economic development
JEL Codes: I32, P36, P46,